49898858_569976940097204_160574404697260

ჩვენ შესახებ

„თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი“ დაარსდა 2016 წლის 16 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის აქტიური ახალგაზრდების ძალისხმევით. ცენტრი თავისი საქმიანობით ცდილობს, წვლილი შეიტანოს სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებასა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებაში. 

ორგანიზაციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებია ახალგაზრდების გააქტიურება და მათი საზოგადოებრივ აქტივობებში (სპორტული, კულტურული, შემეცნებითი და სხვა) ჩართულობა, არაფორმალური განათლების ფარგლებში სხვადასხვა პროექტის, ტრენინგისა და სემინარის განხორციელება, სხვადასხვა სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფის მხარდაჭერა და განვითარება, ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა.  

 

ცენტრის მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევა, რომ ამჟამად ორგანიზაციას აქვს სამუშაო და შეხვედრების სივრცე, რომელიც 2018 წლის აპრილის თვეში, ქ. თეთრიწყაროს მერიის მიერ, უსასყიდლოდ გადაეცა 2 წლიანი სარგებლობის უფლებით. შენობა არამხოლოდ ცენტრის სამუშაო სივრცე გახდა, არამედ ახალგაზრდების თავშეყრის ადგილიც. აღსანიშნი ფაქტია, რომ უძრავი ქონების გადაცემიდან მოკლე პერიოდში ცენტრმა შეძლო, მოეძიებინა ფინანსური რესურსი შენობის რეაბილიტაციისთვის სხვადასხვა ორგანიზაციასთან აქტიური თანამშრომლობით. კერძოდ, „ქალთა ფონდი საქართველოში“, „ორბელიანი საქართველოს“ და „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ფინანსური მხარდაჭერით გარემონტდა და გაიმართა შენობა.

 

ცენტრის ერთ-ერთ მიღწევად უნდა ჩაითვალოს, წევრების მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკები, რომლებშიც ადგილობრივი ახალგაზრდები იყვნენ ჩართულები. ორგანიზაცია, ასევე, მოხალისეობრივად ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებასა და აქტივობას მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის მხარდასაჭერად. შენობის გამართვის შემდეგ, სივრცეში მოეწყო ფილმის ჩვენებები, ჩატარდა ეკო და ქალთა კლუბების აქტივობები. სივრცეს აქტიურად იყენებს სხვადასხვა ორგანიზაცია და საინიციატივო ჯგუფი საკუთარი ღონისძიებების განსახორციელებლად.

 

ცენტრი რეგიონალურ (ქვემო ქართლი) დონეზე არის ერთ-ერთი აქტიური ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ადგილობრივ თემთან, როგორც ქალაქში, ისე სოფლად. ცენტრს, თავისი საქმიანობის შედეგად მოპოვებული აქვს  ნდობა და დადებითი დამოკიდებულება საზოგადოებისგან, პარტნიორებისგან და დონორებისგან.